
საქართველო უკვე წლებია, რაც უცხოელი თანამშრომლების, დისტანციურად მომუშავე პროფესიონალების, მეწარმეებისა და საერთაშორისო კომპანიებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და ბიზნესისთვის მეგობრულ მიმართულებად ითვლება. თუმცა, შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში განხორციელებულმა ფუნდამენტურმა ცვლილებებმა არსებითად შეცვალა შრომითი ნებართვის საქართველოში მიღებისა და უცხოელთა დასაქმებისა და ბინადრობის ნებართვის მოპოვების წესები.
ახალი საიმიგრაციო სისტემა ეტაპობრივად ჩამოყალიბდა: ძირითადი რეფორმები 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა, ხოლო კანონმდებლობის შემდგომი დახვეწა 15 აპრილისა და 9 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდა.
მიუხედავად იმისა, ხართ ადგილობრივ კომპანიაში დასაქმებული უცხოელი, დისტანციურად მომუშავე პროფესიონალი/ფრილანსერი, ინდივიდუალური მეწარმე თუ HR მენეჯერი, ამ რეგულაციების ზედმიწევნით ცოდნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საიმიგრაციო და შრომითი სამართლის დარღვევასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად.
რას მოიცავს შრომითი საქმიანობის ახალი სისტემა და 2026 წლის ცვლილებები?
განახლებული კანონმდებლობის მიხედვით, ძველი, გამარტივებული სისტემა მკაცრი ავტორიზაციის პროცესით ჩანაცვლდა. თუ ადრე სტანდარტული ბინადრობის ნებართვა ან ვიზა ხშირად საკმარისი იყო საქართველოში ეკონომიკური საქმიანობისთვის, დღეს ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ეწევა შრომით, სამეწარმეო ან მმართველობით საქმიანობას, სჭირდება ოფიციალური შრომითი ნებართვა.
2026 წლის ცვლილებების მთავარი მიზანია ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის ეფექტიანი მართვა, ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვა და არალეგალური დასაქმების პრევენცია.
საქართველოს ახალი საიმიგრაციო კანონმდებლობის ძირითადი ასპექტები
1. ვის ეხება ახალი რეგულაციები და ვინ ითვლება „შრომით იმიგრანტად“?
ახალი კანონმდებლობით, შრომით იმიგრანტად ითვლება საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერი უცხოელი, რომელსაც აქვს სურვილი:
- დასაქმდეს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში (ადგილზე გამოცხადებით);
- განახორციელოს შრომითი საქმიანობა დისტანციურად (საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნით);
- იყოს თვითდასაქმებული პირი (მათ შორის ფრილანსერები, ინდივიდუალური მეწარმეები, ქართული კომპანიების უცხოელი დირექტორები და პარტნიორები).
მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნიუანსი დირექტორებსა და პარტნიორებზე:
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობისა და შრომის სამინისტროს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, „თვითდასაქმებული უცხოელის“ სტატუსი და მასთან დაკავშირებული რეგულაციები (მათ შორის, შრომითი მიგრაციის ბაზაში რეგისტრაციის ვალდებულება) ვრცელდება კომპანიის მმართველი ორგანოების უცხოელ წევრებზეც, დირექტორებსა და პარტნიორებზე.
2. გარდამავალი პერიოდები და ვადები
ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულია განსხვავებული გარდამავალი ვადები სხვადასხვა კატეგორიის პირებისთვის:
- პორტალზე უკვე რეგისტრირებული დასაქმებულები: პირებს, რომლებსაც 2026 წლის 1 მარტამდე უკვე ჰქონდათ აქტიური რეგისტრაცია შრომითი მიგრაციის პორტალზე, ეძლევათ ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე, რათა დააკმაყოფილონ კანონის ახალი მოთხოვნები.
- თვითდასაქმებულები, ფრილანსერები, დირექტორები და პარტნიორები: მათთვის შექმნილია ცალკე პორტალი (self-employment.moh.gov.ge) და განისაზღვრა გარდამავალი პერიოდი — 2026 წლის 1 მაისამდე, რათა დარეგისტრირდნენ და მოიპოვონ შრომითი საქმიანობის უფლება.
3. პროცედურები და მოთხოვნები
შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცესი განაცხადის წარდგენით იწყება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში:
ადგილობრივ კომპანიაში დასაქმებული უცხოელი: განაცხადის წარდგენას უზრუნველყოფს დამსაქმებელი კომპანია labourmigration.moh.gov.ge პორტალის მეშვეობით. (2026 წლის ივლისის ცვლილებებით, worknet-ზე ვაკანსიის წინასწარი გამოქვეყნების ვალდებულება გაუქმდა და პროცესი პირდაპირ პორტალიდან ხორციელდება).
თვითდასაქმებულები / დირექტორები / პარტნიორები: განაცხადს თავად ტვირთავენ self-employment.moh.gov.ge პორტალზე, რის შემდეგაც გადიან სავალდებულო ვიდეგასაუბრებას სააგენტოს წარმომადგენელთან საქმიანობის მოცულობისა და კომპეტენციის დასადასტურებლად. უფლება გაიცემა 6-დან 12 თვემდე ვადით (არაუმეტეს 1 წლისა) და მისი გაგრძელება შესაძლებელია ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე.
ტარიფები და ვადები:
- სტანდარტული პროცედურა: 200 ლარი (განხილვის ვადა — 30 კალენდარული დღე).
- დაჩქარებული პროცედურა: 400 ლარი (განხილვის ვადა — 10 სამუშაო დღე).
4. ვიზა, ბინადრობის ნებართვა და ვადების სინქრონიზაცია
შრომითი საქმიანობის უფლების მიღება წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას საბოლოო ლეგალური სტატუსის მოპოვებისთვის:
- თუ უცხოელი იმყოფება საქართველოში: შრომითი საქმიანობის უფლების მიღებიდან 10 დღის ვადაში მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს) შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი გზამკვლევი: ბინადრობის ნებართვა საქართველოში
- თუ უცხოელი იმყოფება საზღვარგარეთ: უფლების მიღებიდან 30 დღის ვადაში მან უნდა მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას (საელჩოს/საკონსულოს) D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად.
- მნიშვნელოვანი პრაქტიკული ცვლილება D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზაზე:
ადრე არსებული პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებდა D1 ვიზის განაცხადის საქართველოს ტერიტორიიდან წარდგენას, შეიცვალა. ამჟამად D1 ვიზის განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში (განაცხადი ივსება საქართველოს საკონსულო ელექტრონული განაცხადების სისტემის მეშვეობით, რის შემდეგაც დოკუმენტების ორიგინალები პირადად უნდა წარედგინოს შესაბამის საქართველოს საკონსულოს).
კრიტიკული შეზღუდვა: მესამე ქვეყნის ვიზის წესი
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამართლებრივი დაბრკოლება უკავშირდება განაცხადის წარდგენის ადგილს:
ადგილობრივი განაცხადის შეზღუდვა: თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში იმყოფება მესამე ქვეყნის ვიზით ან ბინადრობის მოწმობის საფუძველზე (და არა საკუთარი მოქალაქეობის ქვეყნის/უვიზო რეჟიმით), იგი ვერ შეძლებს საქართველოს ტერიტორიიდან ბინადრობის ნებართვის მოპოვებაზე განაცხადის წარდგენას.
ასეთ შემთხვევაში, პირი ვალდებულია ჯერ საზღვარგარეთ მიიღოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა, შემოვიდეს საქართველოში და მხოლოდ ამის შემდეგ წარადგინოს განაცხადი ბინადრობის ნებართვაზე.
ყურადღება: ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო განაცხადს დატოვებს განუხილველად.
5. პასუხისმგებლობა და ჯარიმები
ახალი წესების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას:
- უცხოელის დასაქმება დადგენილი პროცედურების გავლის გარეშე იწვევს 2,000 ლარიან ჯარიმას, რომელიც ცალ-ცალკე ეკისრება როგორც დამსაქმებელ კომპანიას, ისე უცხოელ თანამშრომელს.
- თუ სააგენტო უარს იტყვის უფლების მინიჭებაზე ან შეწყვეტს წარმოებას დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო, განაცხადის ხელახლა წარდგენა შეზღუდულია 1 თვის ვადით.
6. იურიდიული მომსახურება და მხარდაჭერა
საიმიგრაციო პროცედურების სწორად წარმართვა, მკაცრი ვადების დაცვა და საკანონმდებლო ნიუანსების გათვალისწინება პროფესიონალურ იურიდიულ მხარდაჭერას მოითხოვს. ჩვენი კვალიფიციური საიმიგრაციო სამართლის იურისტები გთავაზობთ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას:
დამსაქმებლებისა და HR მენეჯერებისთვის:
- 2026 წლის შრომით მიგრაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კორპორატიული აუდიტი;
- დოკუმენტაციის მომზადება და labourmigration პორტალზე განაცხადების მართვა;
- წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებთან.
უცხოელი სპეციალისტებისა და მეწარმეებისთვის:
- კონსულტაცია საქართველოში ლეგალურად დასაქმებისა და ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხებზე;
- D1 ვიზისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის პროცესების სრული მართვა;
- ვიდეოგასაუბრებისთვის მომზადება და სამართლებრივი რისკების პრევენცია.
დასკვნა
საქართველოს ახალი საიმიგრაციო და შრომითი რეგულაციები მიზნად ისახავს გამჭვირვალე და სტაბილური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. პროცესების სწორი და დროული მართვა გარანტიაა იმისა, რომ თქვენი საქმიანობა საქართველოში წარიმართოს შეფერხებებისა და ფინანსური სანქციების გარეშე.
მიიღეთ პროფესიონალური იურიდიული მხარდაჭერა და უზრუნველყავით თქვენი საქმიანობის სრული შესაბამისობა 2026 წლის საიმიგრაციო სტანდარტებთან. დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის.